ევროკავშირის ლიდერები სხვა სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას აღიარებენ
ევროკავშირის ლიდერები სხვა სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას აღიარებენ

ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ სხვა ევროპული სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ ნათქვამია რუმინეთის ქალაქ სიბიუში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეების მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში. ევროპელმა ლიდერებმა სამიტზე ევროპარლამენტის არჩევნები და ევროკავშირის 2019-2024 წლის სტრატეგიულ დღის წესრიგი განიხილეს.

„რამდენიმე კვირაში ევროპელები აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტში, მათ მიერ ამ ფუნდამენტური უფლების პირველად განხორციელებიდან 40 წლის შემდეგ. ერთიანი ევროპა, მშვიდობიანი და დემოკრატიული, მხოლოდ ერთ-ერთია მრავალ მიღწევას შორის.

დაარსების მომენტიდან ევროკავშირმა, რომელსაც ღირებულებები და თავისუფლებები ამოძრავებს, უზრუნველყო სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროპის ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ. წლების განმავლობაში ის გახდა საერთაშორისო სცენაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ის აერთიანებს ნახევარ მილიარდ მოქალაქეს და გააჩნია კონკურენტული ერთიანი ბაზარი, არის მსოფლიო სავაჭრო ლიდერი და აყალიბებს გლობალურ პოლიტიკას.

ჩვენ ვადასტურებთ პოზიციას, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ამ სულ უფრო არასტაბილურ და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ლიდერები, რათა კავშირი უფრო გავაძლიეროთ და ჩვენი მომავალი უფრო ნათელი გავხადოთ და ამავე დროს ვაღიარებთ სხვა ევროპული სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივას“, – აღნიშნულია ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები 10 ძირითად პრინციპზე შეთანხმდნენ, რომელთა შორისაა ევროპის ერთიანობის დაცვა, ერთობლივი გადაწყვეტილებების მოძებნა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა, მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა, სამართლიანობის უზრუნველყოფა, ევროპელების მომავალი თაობების მომავლის უზრუნველყოფა, საერთაშორიო პარტნიორებთან თანამშრომლობით მოქალაქეების დაცვა, პასუხისმგებლიანი გლობალური ლიდერის როლის შესრულება.