ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას ეცდებიან
ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას ეცდებიან

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას ეცდებიან. 2021-2027 წლების ბიუჯეტის განსახილველად რიგგარეშე სამიტი იმართება.

„დადგა დრო, მივაღწიოთ შეთანხმებას უმაღლეს დონეზე მრავალწლიან ფინანსურ გეგმაზე“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაში.

მისი თქმით, ბიუჯეტის საკითხის განხილვის გადადებამ შესაძლოა, სერიოზული პრაქტიკული და პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ პროგრამებს შეაფერხებს და ახლების დაწყებას  გაართულებს. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ის აცნობიერებს, რომ ბიუჯეტის საკითხზე ევროპარლამენტს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთულია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ევროპელი მოქალაქეების სასარგებლოდ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

ევროკავშირის ცნობით, სამიტისთვის მზადებისას შარლ მიშელმა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გამართა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ბრექსიტის შემდეგ ბიუჯეტს პირველად ათანხმებს. 2021 წლამდე გარდამავალი პერიოდი გრძელდება, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ემორჩილება ევროკავშირის წესებს და იხდის საწევროს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში. როგორც სააგენტო “როიტერი” წერს, ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლით 2021-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტს 75 მილიარდი ევრო დააკლდება.

ევროკომისიის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მცირდება სოფლის მეურნეობის ხარჯები, თუმცა იზრდება უსაფრთხოების, საზღვრის დაცვის, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, გარემოს დაცვის, ციფრული სფეროს დაფინანსება.
ევროკავშირის ლიდერების მიერ ბიუჯეტის პროექტის შეთანხმების შემდეგ, ის ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დატოვე კომენტარი