ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მოქმედი ახალგაზრდული და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მოქმედი ახალგაზრდული და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოვხატავთ საერთო მისწრაფებას ერთიანი ევროპისკენ, სადაც ახალგაზრდების ხმა ისმის, სცემენ პატივს და აძლევენ ძალას. ერთობლივად ვადასტურებთ, რომ ახალგაზრდების არსებითი მონაწილეობა ევროპული ინტეგრაციის პროცესის ქვაკუთხედი და მისი მომავლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მოქმედი ახალგაზრდული და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ თავისუფლად და დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაბამის პირობებში, რომლებიც მათ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად, 2025 წლის 11 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვაქვეყნებთ შემდეგ განცხადებას. ეს განცხადება ეფუძნება ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მიერ აქამდე გაწეულ ყველა სამუშაოს ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებში. მათ შორისაა, მოწოდება ახალგაზრდების აქტიური ჩართვისაკენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და გაფართოების პროცესში, ახალგაზრდული ორგანიზაციების და ქსელების გაძლიერების აუცილებლობის ხაზგასმა და ევროკავშირში შესაბამისი ახალგაზრდული სტრუქტურების მხარდაჭერის ახალი გზების შემდგომი შესწავლისაკენ მოწოდება.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ერთიანი ევროპის პროექტის საფუძვლად მდგომ ძირითად ღირებულებებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სოლიდარობას და ინკლუზიურობას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ახალგაზრდები არა მხოლოდ ევროპის მომავალი არიან, არამედ აუცილებელი აქტორები დღევანდელობაშიც, მათი ხედვები, ენერგია და ჩართულობა აძლიერებს ჩვენს საზოგადოებებსა და ინსტიტუტებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ სიცოცხლით სავსე, უსაფრთხო და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ თავისუფლად და დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაბამის პირობებში, რომლებიც მათ განვითარებას უზრუნველყოფს. მათი აქტიური მონაწილეობა არსებითია იმისთვის, რომ ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში იყოს რეალური და ეფექტური. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინის ახალგაზრდობის მიმართ, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მტკიცედ დგანან და სიმტკიცეს ავლენენ, ასევე ევროკავშირის ყველა მოქმედი კანდიდატი ქვეყნის ახალგაზრდობის მიმართ, რომლებიც თავიანთ საზოგადოებებში დემოკრატიულ ღირებულებებს იცავენ. მათი სიმტკიცე გვახსენებს, რომ ევროპული პროექტი მხოლოდ ინსტიტუტებსა და პოლიტიკას არ უკავშირდება, არამედ კონტინენტზე მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას, უფლებებსა და მისწრაფებებსაც.

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ახალგაზრდული ჯგუფი ხაზს უსვამს სტრუქტურირებული დიალოგის და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მათი აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ამყარებს სოლიდარობას და ამაღლებს კანდიდატი ქვეყნებისა და საზოგადოებების კუთვნილების გრძნობას ევროპულ ოჯახში. ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ კანდიდატი ქვეყნების ეროვნულ ახალგაზრდულ საბჭოებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, ჩაერთონ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის საქმიანობაში, განსაკუთრებით EESC Youth Test-ის მეშვეობით. ამ განცხადებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს საერთო მისწრაფებას ერთიანი ევროპისკენ, სადაც ახალგაზრდების ხმა ისმის, სცემენ პატივს და აძლევენ ძალას. ჩვენ ერთობლივად ვადასტურებთ, რომ ახალგაზრდების არსებითი მონაწილეობა ევროპული ინტეგრაციის პროცესის ქვაკუთხედია და მისი მომავლის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

მიღებულია ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტის, EESC-ის ახალგაზრდული ჯგუფის, ეროვნული ახალგაზრდული საბჭოების და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე ევროპის ახალგაზრდული ფორუმის მიერ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.