ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები მიმდინარე კვირაში უკრაინის რეფორმების გეგმებსა და საინვესტიციო დღის წესრიგს განიხილავენ
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები მიმდინარე კვირაში უკრაინის რეფორმების გეგმებსა და საინვესტიციო დღის წესრიგს განიხილავენ

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები მიმდინარე კვირაში უკრაინის რეფორმების გეგმებსა და საინვესტიციო დღის წესრიგს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ გერმანიის ფინანსთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას წყაროებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს, უკრაინის ამბიციური მიდგომა მოიცავს 15 ძირითად სფეროს და რეფორმების 69 გეგმას. ამასთან, მათ უკრაინის წარდგენილ გეგმებთან დაკავშირებული დეტალები არ გაუსაჯაროებიათ და აღნიშნეს, რომ ამ საკითხს ფინანსთა მინისტრები ლუქსემბურგში შეხვედრაზე განიხილავენ.

უკრაინის დახმარების 50-მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის მიერ რეფორმების შესრულების საფუძველზე უნდა მოხდეს.

ამას გარდა, გერმანიის მთავრობას სურს, უკრაინის რეკონსტრუქციაში კერძო სექტორს დაეხმაროს. აღნიშნული ზომები მოიცავს სუბსიდიებსა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საინვესტიციო გარანტიებს იმ გერმანული კომპანიებისთვის, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს განახორციელებენ.