ევროკავშირის ელჩი - ომი ევროკავშირს შეეხო და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს პუტინის განზრახვა არ იყო, არავინ არის უსაფრთხოდ, არც ოჯახები თავიანთ სახლებში და არც ისინი, ვინც ევროკავშირს წარმოადგენენ კიევში
უკრაინაში ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა აცხადებს, რომ რუსეთმა ზუსტი დარტყმა განახორციელა კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმდებარე შენობაზე. მის თქმით, ეს მიზანმიმართული დარტყმა პუტინის განზრახვა იყო.
აღნიშნულის შესახებ კატარინა მატერნოვამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ზუსტი დარტყმის შედეგად ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმდებარე შენობა განადგურდა. აფეთქების ტალღამ მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი შენობა და საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ბევრი კოლეგა ცხოვრობს. საბედნიეროდ, ყველა უსაფრთხოდ არის, თუმცა შეძრწუნებულები და შეშინებულები არიან. წარმოუდგენელია, რაც მათ 12-საათიანი უწყვეტი განგაშის დროს გადაიტანეს. ომი გუშინ ღამით პირდაპირ შეეხო მათ. ომი ევროკავშირს შეეხო და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს პუტინის განზრახვა არ იყო“, – წერს ევროპელი დიპლომატი.
ელჩი აღნიშნავს, რომ არავინ არის უსაფრთხოდ.
„არავინ არის უსაფრთხოდ, არც ოჯახები თავიანთ სახლებში, არც ბავშვები თავიანთ საწოლებში, არც ისინი, ვინც ევროკავშირს წარმოადგენენ კიევში. პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება. ის ბომბავს, ანადგურებს, კლავს. ეს არ არის სამხედრო ოპერაცია. ეს არის ტერორი“, – წერს კატარინა მატერნოვა.