ევროკავშირის 19-მა ქვეყანამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა
ევროკავშირის 19-მა ქვეყანამ ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
გუაიდოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ავსტრიამ, ბელგიამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
როგორც დოკუმენტის ხელმომწერები აღნიშნავენ, ნიკოლას მადურომ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაიწყოს საარჩევნო პროცესი, ამიტომ ვენესუელის კონსტიტუციის ნორმების შესაბამისად, ისინი აღიარებენ დემოკრატიულად არჩეული ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელს, ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად იმ მიზნით, რომ მან გამოაცხადოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ.
ევროკავშირმა ნიკოლას მადუროს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად 26 იანვარს რვადღიანი ვადა მისცა, თუმცა მადურომ 3 თებერვალს არჩევნების ჩატარებაზე უარი განაცხადა.