ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიას მიმართავს, გაუქმებული რეისების სანაცვლოდ ავიაკომპანიების მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შეაჩეროს
ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიას მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს კანონის მოქმედება, რომელიც ავიაკომპანიებს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს. როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, შესაბამის წერილს ხელს აწერენ ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ლატვია და პოლონეთი.
ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიისგან ითხოვს უფლებას, კორონავირუსის კრიზისის დროს გაუქმებული რეისების სანაცვლოდ, მგზავრებს შესთავაზონ ვაუჩერები, რომელთა მოქმედება გარკვეული დროით იქნება შეზღუდული. ევროკომისიისადმი მიმართვის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ამგვარად თავიდან აიცილებენ ავიაკომპანიების გაკოტრებას და მოქალაქეებს მომავალში საჰაერო მოგზაურობის სტიმულს კვლავ მისცემენ.
როგორც „ფორბსი“ წერს, კორონავირუსის პანდემიამ მთელ ევროპაში ავიარეისების მასობრივი გაუქმება გამოიწვია. მრავალი ავიაკომპანია კლიენტებს მომავალი რეისების დროს გამოსაყენებელ ვაუჩერებს სთავაზობდა, ფულადი კომპენსაციის ნაცვლად. ევროკავშირის კანონმდებლობა ავიაკომპანიებს ავალდებულებს, ანაზღაურების ვარიანტად ფულის დაბრუნება შესთავაზოს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპაში მრავალი მგზავრი ავიაკომპანიებს უჩიოდა, რომ ისინი ფულად ანაზღაურებაზე ან უარს აცხადებდნენ, ან აღნიშნულ ვარიანტს საერთოდ არ სთავაზობდნენ მომხმარებელს.