ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემა შეზღუდოს. განცხადება იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, ვერა იუროვამ გააკეთა.

საქმე ეხება პასპორტებს, რომელთა მიღებაც იმ ინვესტორებს შეუძლიათ, ვინც ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურ თანხას დააბანდებს.

ევროკავშირი შეშფოთებულია იმ პრაქტიკის გავრცელებით, რომელიც ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემას ითვალისწინებს. როგორც ბრიუსელში შიშობენ, აღნიშნული შესაძლებლობით ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც ფულის გათეთრებაში არიან შემჩნეულები.

„ჩვენ არ გვსურს გვყავდეს „ტროას ცხენი“ ევროკავშირში“, – აცხადებს იუროვა.

ევროკომისიაში ე.წ. ოქროს პასპორტების გაცემისთვის განსაკუთრებით აკრიტიკებენ კვიპროსს, საბერძნეთსა და მალტას. ასეთი დოკუმენტების მიმღებებს შორის არიან რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტიციის სანაცვლოდ, მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ირლანდიაში. ამასთან, თითოეული სახელმწიფო თავად ადგენს, ინვესტორს მოქალაქეობა მისცეს თუ ბინადრობის უფლება.