ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭო ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს
ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭო ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ბრიუსელში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭო ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ უკრაინის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაგრძელების ვალდებულებას ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში აღნიშნულია ევროკავშირის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ამასთან, ევროკავშირი აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მიესალმება ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რაც გაცხადებულია ასოცირების შეთანხმებაში.

მხარეები თანხმდებიან აღნიშნული შეთანხმების პოტენციალის სრულ გამოყენებაზე და ხაზს უსვამენ უკრაინის მიერ ვალდებულებების შესრულების გაგრძელების აუცილებლობას. ევროკავშირი აღიარებს უკრაინის მიერ რეფორმების პროცესში მიღწეულ არსებით პროგრესს და აღნიშნული ძალისხმევის მეტად დაჩქარების საჭიროებაზე საუბრობს. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებით.

ასევე, ბრიუსელში მიესალმებიან უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის წარმატებულად მუშაობას და ხაზს უსვამენ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. ევროკავშირი გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად, ასევე რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას.

ევროკავშირის ლიდერები მოუწოდებენ რუსეთს, დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები, ასევე უზრუნველყოს აზოვის ზღვაში და აზოვის ზღვიდან თავისუფალი მიმოსვლა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნორმანდიულ ფორმატს, ეუთოს, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფსა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას უკრაინაში.

განცხადებაში ასევე საუბარია დონეცკში ჩამოგდებული „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავზე. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირები გასამართლდნენ.

ევროკავშირი მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ტელეკონფერენციას, რომელიც 18 ივნისს გაიმართა, ასევე ადასტურებს პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ელოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტს 2021 წელს.

ბრიუსელში გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტში მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.