ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, დახმარების პაკეტი შედგება, როგორც კრედიტებისგან, ისე გრანტებისგან.

„დღეს მე ვაცხადებ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც შედგება საგანგებო კრედიტებისა და გრანტებისგან. უპირველეს ყოვლისა, ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი საგანგებო მაკრონოფინანსური დახმარების პაკეტი 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტის გამო საჭიროებების დაფინანსებაში“, -აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შექმნილ რთულ გარემოებებში ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინასთან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი კი აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს ითხოვს.

დატოვე კომენტარი