ევროკავშირი თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში.

ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ხუთი დღით შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.

ევროპის გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედრო ძალების მხრიდან ქურთ მებრძოლებზე თავდასხმა ყოვლად დაუშვებელ ჰუმანიტარულ პრობლემებს იწვევს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას აფერხებს, ეს კი, ევროპის უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ანკარას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.