ევროკავშირი თურქეთს მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს
ევროკავშირი თურქეთს მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს

ევროკავშირი თურქეთს მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში სდებს ბრალს და 2016 წლის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში. ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გარე საზღვრებზე შექმნილ სიტუაციას მიუღებელს უწოდებს.

„ევროკავშირის საბჭო აღიარებს თურქეთის წინაშე მის ტერიტორიაზე არსებულ მზარდ მიგრაციულ ტვირთსა და რისკებს, ასევე 3,7 მილიონი მიგრანტისა და ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემის მის არსებით ძალისხმევას, თუმცა საბჭო მტკიცედ უარყოფს თურქეთის მიერ მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ევროკავშირის გარე საზღვრებზე შექმნილი ეს სიტუაცია მიუღებელია. საბჭო ელოდება თურქეთისგან 2016 წლის ერთობლივი განცხადების დებულებების სრულად შესრულებას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ 2016 წლის შეთანხმების განხორციელებას თვალსაჩინო შედეგები ჰქონდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირმა და თურქეთმა კვლავ უნდა გააგრძელონ ამ შეთანხმებიდან საერთო სარგებლის მიღება.

ამასთან, ბრიუსელში აცხადებენ, რომ მზად არიან, ევროკავშირის გარე საზღვრები დაიცვან.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, ეფექტიანად დაიცვან ევროკავშირის გარე საზღვრები. საზღვრის არალეგალური კვეთა არ იქნება შეწყნარებული. ამისთვის ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მიმართავენ ყველა აუცილებელ ზომას, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. არ შეიძლება მიგრანტების წახალისება იმისთვის, რომ მათ საფრთხეში ჩააგდონ საკუთარი თავი ხმელეთითა ან ზღვით საზღვრის უკანონოდ გადასალახად. საბჭო მოუწოდებს თურქეთის მთავრობას, ყველა აქტორსა და ორგანიზაციას, გაავრცელოს ეს გზავნილი და წინააღმდეგობა გაუწიოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მიგრაციულ კრიზისსა და სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე 5-6 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

იდლიბში ვითარების გამწვავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებს აღარ შეაკავებდა. აღნიშნული განცხადების შემდეგ საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ მიგრანტთა ნაკადი დაიძრა. ევროკავშირის ქვეყნებმა სახმელეთო და საზღვაო საზღვრის დაცვა გააძლიერეს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე 25 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საბერძნეთისთვის საზღვრის დასაცავად 700 მილიონი ევრო გამოიყოფა. იდლიბში იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად კი, ბრიუსელი 60 მილიონ ევროს გამოყოფს.