ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტი ირანულ სანქციებს დაბლოკავს
ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტი ირანულ სანქციებს დაბლოკავს

ევროპული კომპანიების დაცვის მიზნით, შვიდი აგვისტოდან ევროკავშირი თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტი ირანულ სანქციებს დაბლოკავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ტექსტის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპელი ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც ირანთან ლეგიტიმურ ბიზნესში არიან ჩართული, ევროკავშირის სამართლისა და გაეროს 2231-ე რეზოლუციის შესაბამისად. შეთანხმება ამოცანასთან თანხვედრაშია, რაც არაერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მოხსენებებში. ირანთან დადებული შეთანხმება არის გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის არქიტექტურის მთავარი ელემენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ ტექსტში ასევე წერია, რომ ბირთვული შეთანხმების დარჩენილი ხელმომწერები მოწოდებული არიან იმუშაონ ირანთან ეფექტური ფინანსური არხების შენარჩუნებაზე, ასევე ნავთობისა და გაზის ექსპორტის გაგრძელებაზე.