ევროკავშირი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის აშშ-ის ვიზის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის აშშ-ის ვიზის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის აშშ-ის ვიზის გაუქმების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გაავრცელა.

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორს ვიზა 5 აპრილს გაუუქმა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროკურორი ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას აპირებდა.

ევროკავშირში იმედი გამოთქვეს, რომ ვაშინგტონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

მანამდე, აშშ-ის ხელისუფლებამ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეწყვიტოს აღნიშნული გამოძიება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს პროკურორების და მოსამართლეების მიმართ სანქციები ამოქმედდება.

თავად ბენსუდამ განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის ტერიტორიაზე გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვისა, ის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისი, სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესაც იძიებს.