ევროკავშირი საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევროს გამოყოფს

ევროკავშირი 80 000 ევროს გამოყოფს, რომლის საშუალებითაც „წითელი ჯვარი“ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში წყალდიდობების შედეგად დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, რომელთა სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა.

„2020 წლის ივლისის ბოლოს, კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფს. ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით „წითელი ჯვარი“ დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება, როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე ფულადი მხარდაჭერით. ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, ვისი სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა.

აღნიშნული დაფინანსება არის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდში (DREF) ევროკავშირის საერთო შენატანის ნაწილი. 2020 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი. რამდენიმე სოფელი იზოლირებული რჩება მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა მდინარის ნაპირების დამცავი ჯებირები, გზები და ხიდები გაანადგურა. წვიმებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მეურნეობებსა და ხეხილს, რაც დაზარალებული ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. სამხრეთ კავკასიას ბუნებრივი კატასტროფები და საშიშროებები ახასიათებს. რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირი მხარს უჭერს კტასტროფების რისკის შემცირებას კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (DIPECHO) ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო სტიქიური უბედურების საფრთხის ქვეშ მყოფი თემების რეაგირებისთვის მზაობის გაზრდას და მოწყვლადობის შემცირებას“, – ნათქვამია ინფირმაციაში.

ამასთან, განმარტებულია, რომ ევროკავშირი და მასში შემავალი სახელმწიფოები წარმოადგენენ მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების წამყვან დონორებს.

„დახმარების გაწევა არის ევროპის მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება მსოფლიოში გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანებისთვის. იგი მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფისა და ადამიანის მიერ გამოწვეული კრიზისების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენას, ტანჯვის თავიდან აცილებას და შემსუბუქებას, ადამიანთა ერთობლიობისა და ღირსების დაცვას. ევროკავშირი ევროკომისიის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების დეპარტამენტის საშუალებით ყოველწლიურად დახმარებას უწევს კონფლიქტებისა და კატასტროფების შედეგად მილიონობით დაზარალებულს. ბრიუსელში განლაგებული სათაო ოფისისა და საველე ოფისების გლობალური ქსელის დახმარებით, ევროკავშირი ახორციელებს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე დაფუძნებულ პროგრამებს ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ევროკავშირმა ხელი მოაწერა 3 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმებას წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) მხარდასაჭერად. კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) თანხები ძირითადად გამოიყოფა „მცირემასშტაბიანი“ კატასტროფების შედეგების დასაძლევად, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო განაცხადების შემოტანას არ საჭიროებს. კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდი 1985 წელს შეიქმნა და დონორთა შემოწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებს. ყოველ ჯერზე, როდესაც წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხრისთვის საგანგებო ფინანსური დახმარება ესაჭიროება, მას ამ ფონდიდან თანხების მოთხოვნა შეუძლია. მცირემასშტაბიანი კატასტროფების შემთხვევაში, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია გასცემს თანხებს სწორედ ამ ფონდიდან, რომელშიც თანხების შევსება ისევ დონორთა მიერ განხორციელებული ჩარიცხვებით ხორციელდება. საერთაშორისო ფედერაციას და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროკომისიას 3 მილიონ ევრომდე შეავსოს ფონდი იმ შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელიც ჰუმანიტარულ საჭიროებებს ხმარდება“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი