ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს მიესალმება
ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს მიესალმება

ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში კონფლიქტების შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს საქართველოში კონფლიქტების შესახებ. ევროკავშირის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ საკითხის ევროსაბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგის მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მოუწოდებს გენერალურ მდივანს, გააგრძელოს მსგავსი ანგარიშების შემუშავება, რომლებიც ძირითადად ეხება საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს.

განცხადებაში ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შექმნილი მდგომარეობისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. ევროკავშირი კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს საქართველოში მშვიდობასა და კონფლიქტის დარეგულირებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გზით.

ევროკავშირი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, თვითნებური დაკავებები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის, აფხაზეთის გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებისა და საკუთრების უფლებების დარღვევის გამო.

ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია ახალი უკანონო მავთულხლართების აღმართვის გამო „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც მიმართულია დანარჩენი საქართველოსგან ცხინვალის რეგიონის კიდევ უფრო იზოლირებისკენ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ითხოვს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესაბამის გამოძიებისკენ და 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული პირების გასამართლებას. „დაუსჯელობა შეშფოთების საგანია“, – აღნიშნულია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, დაუწესოს შემზღუდავი ზომები სიაში შემავალ პირებს.

ამასთან, ევროკავშირი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომებში დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობის შეჩერების გამო. ევროკავშირი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებებს, პატივი სცენ დადგენილ პრაქტიკას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ განაახლონ რეგულარული შეხვედრები.

​ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების კვლავ ყოფნის, გაზრდილი სამხედრო წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, როგორიცაა სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამხედრო ფორმირებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმება.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ზომები და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგიონში.