ევროკავშირი საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის შესახებ წერს
ევროკავშირი საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის შესახებ წერს

ევროკავშირის საგარეო უწყება საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის შესახებ წერს. როგორც ევროკავშირის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ეს არის პირველი ევროპული სკოლა, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გაიხსნა.

სკოლის გახსნა საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივაა და სასწავლებელში სწავლის საშუალება ექნებათ როგორც ქართველ, ასევე სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს.

„ევროპული სკოლა მისდევს უნიკალურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ და საერთაშორისო ღირებულებებზე – ​მულტიკულტურიზმი, მშვიდობა და ტოლერანტობა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროპული სკოლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს საქართველო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

„როგორც ევროკომისრის, ჩემი პრიორიტეტია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ახალგაზრდა ხალხის დახმარება, რომ მათ მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ახალგაზრდებისა და განათლების დაფინანსება გავაორმაგეთ და მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. ევროპული სკოლის გახსნა არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი პირობისა, რომ მოქალაქეებმა ხელშესახები სარგებელი უნდა მიიღონ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სკოლა თბილისის სიახლოვეს მდებარე ლისის ტბაზე მდებარეობს და პირველ მოსწავლეებს 2023 წელს მიიღებს. მათ შორის იქნებიან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, მოლდოველი და უკრაინელი ახალგაზრდები.

„ინიციატივა ეფუძნება 2018 წლის სექტემბერში დაწყებულ სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც აძლევს საშუალებას 17-18 წლის ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, გაიარონ აკადემიური პროგრამა, რომელიც შთაგონებულია ევროპულის სკოლის სისტემით“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

როგორც ევროკავშირის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოში ვიზიტის დროს ევროკომისარ ჰანს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტარებსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა.