ევროკავშირი სამოქალაქო-სამხედრო კრიზისების მართვის წვრთნებს იწყებს
ევროკავშირი სამოქალაქო-სამხედრო კრიზისების მართვის წვრთნებს იწყებს

ევროკავშირი დღეს სამოქალაქო-სამხედრო კრიზისების მართვის წვრთნებს იწყებს. წვრთნების მიზანი კავშირს შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ჰიბრიდული კრიზისების საპასუხოდ ევროკავშირის შესაძლებლობების გაუმჯობესება და გაძლიერებაა. ასევე გარკვევა, თუ როგორ რეაგირებენ ევროკავშირის სტრუქტურები და კრიზისული მექანიზმები, როგორ ხდება მათი აქტივაცია კრიზისის დროს.

ევროკავშირი მსგავსი მასშტაბის წვრთნას პირველად ატარებს. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები ევროკომისიიდან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურიდან, საბჭოს გენერალური სამდივნოდან, წევრი ქვეყნებიდან და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოდან, ასევე Europol-იდან.

წვრთნებში მესამე ქვეყნის სტატუსით მიღებს მონაწილეობას ნორვეგია, შვეიცარია კი დამკვირვებელი იქნება. სწავლება მოიცავს ძირითად სფეროებს, რომელიც შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდეს: ენერგეტიკას, კიბერსივრცეს, ჯანდაცვას, საზღვაო, საკონსულო და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებს.

ევროკავშირი წვრთნებს ნატო-ს სარდლობასთან თანამშრომლობით ჩაატარებს, რაც ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთქმედების განვითარებას ისახავს მიზნად. გამოგონილი სცენარი გამოგონილი მონაწილეებით განხორციელდება. სცენარის თანახმად, პირობითი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ჰიბრიდული თავდასხმა ხორციელდება და დახმარების აღმოჩენის საჭიროება დგება.