ევროკავშირი საბერძნეთში მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 2 ათას ევროს სთავაზობს
ევროკავშირი საბერძნეთში მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 2 ათას ევროს სთავაზობს

ევროკავშირი საბერძნეთში მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 2 ათას ევროს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ 5 ათას მიგრანტზე და იმ პირებზე, რომლებიც საბერძნეთში პირველ იანვრამდე ჩავიდნენ.

როგორც ევროკავშირში იუწყებიან, მიგრანტების ნებაყოფლობითი დაბრუნება საბერძნეთის გადატვირთულ ბანაკებში არსებულ ვითარებას შეამსუბუქებს.

თურქეთის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შემდეგ საბერძნეთში ბოლო რამდენიმე კვირაში ასობით მიგრანტი ჩავიდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვები და ქალები არიან. ამან საბერძნეთის ბანაკებში არსებული ვითარება დაამძიმა.

საბერძნეთის კუნძულებზე არსებულ ბანაკებში მიგრანტთა ნაკადის მომატებამდე უკვე 42 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მათ გადატვირთულ ბანაკებში უწევთ ცხოვრება.

მიგრანტების დიდი ნაწილი სირიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან არის ჩასული.