ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში დაძაბულობის სახიფათო ესკალაციის გამო.

„ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ხომალდების თავისუფალ გადაადგილებას ქერჩის სრუტეში და აზოვის ზღვიდან უკან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაათავისუფლოს 24 უკრაინელი მეზღვაური და მითვისებული ქონება“, – ნათქვამია ევროკავშირის დეკლარაციაში.

განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ევროკავშირი არასდროს აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალურ ანექსიას. ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და მზად არის, საჭიროების დროს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შესაბამისად იმოქმედოს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.