ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიბერსაქმიანობა მიუღებელია, რადგან მიმართულია ევროკავშირის ერთიანობისა და უსაფრთხოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე ევროკავშირის დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძვლების წინააღმდეგ.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მავნე კიბერსაქმიანობის სამიზნეს წარმოადგენენ ევროკავშირში პარლამენტის წევრები, სამთავრობო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„აღნიშნული ქმედებები გულისხმობს მათ კომპიუტერულ სისტემებსა და პერსონალურ ანგარიშებში შეღწევას და მონაცემების მოპარვას. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება კიბერსივრცეში ქცევის გაერო-ს ნორმებს და წარმოადგენს ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულაციის გზით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი და მათი წევრები მკაცრად გმობენ მავნე კიბერსაქმიანობას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები.

ევროკავშირი აღნიშნულ საკითხზე მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებს და მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.