ევროკავშირი - მივესალმებით ტრამპის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას
ევროკავშირი - მივესალმებით ტრამპის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას

ევროკავშირი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ყველა ეს ელემენტი დიდი ხანია, ევროკავშირის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს. ევროკავშირი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოკვეთილ პრინციპებს დემილიტარიზებული „ჰამასის“ შესახებ, რომელსაც არ ექნება როლი მომავალ მმართველობაში. ისრაელისა და მისი მოსახლეობისთვის ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრას, რომ ღაზა არ იქნება ოკუპირებული და რომ პალესტინელები არ იქნებიან იძულებით გადაადგილებულები. საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა აუცილებელია. გარდამავალმა შეთანხმებებმა უნდა გაუხსნას გზა ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ გეგმის განხორციელებაში.

„ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ შემდეგ ნაბიჯებზე. ევროკავშირი მიესალმება ისრაელის გადაწყვეტილებას გეგმის მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ „ჰამასს“, დაიცვას გეგმა, გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი მძევალი და დადოს იარაღი. ევროკავშირი მოუწოდებს მათ, ვისაც გავლენა აქვს, გადასცენ ეს შეტყობინებები „ჰამასს“. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და კონსტრუქციულად ჩაერთონ ღაზაში ტრაგედიის დაუყოვნებლივ დასასრულებლად და დაიწყონ ისრაელელების, პალესტინელების და მთელი რეგიონისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობის პროცესი“,- ნათქვამია განცხადებაში.