ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს
ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

მესტიის მუნიციპალიტეტი დღეს ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდგომაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩო, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაესწრონ სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც ჩატარდება დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებს საქართველოში; დამატებით, მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საჭადრაკო ტურნირში.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ავსტრიის ელჩი არად ბენკე, შვედეთის სამეფოს ელჩი​ ულრიკ ტიდესტრომი, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ჰაინც ჰაბერტოიერი, „ქეა ავსტრიას“ ფინანსური დირექტორი რობერტ ვოლფსბერგერი​ და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია.

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში GRETA-ს პროექტის ოფისი გაიხსნება. GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.