ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს
ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს

ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ევროკავშირი ლიბიას მშვიდობის უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს, საჭიროების შემეთხვევაში კი იქ მშვიდობისმყოფელებიც გაგზავნოს.

„თუ ლიბიაში ზავი დამყარდება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, ლიბიას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებაში დაეხმაროს, ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნითაც“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

19 იანვარს ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. გაერო-ს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.