ევროკავშირი კრიპტოვალუტის დარეგულირების საკითხს განიხილავს
ევროკავშირი კრიპტოვალუტის დარეგულირების საკითხს განიხილავს

ევროკავშირის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი ორგანოები ევროკავშირის ფარგლებში კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული აქტივების რეგულირების ახალი წესების შემოღების რეკომენდაციით გამოდიან. ახალი რეგულაციების მიზანია, მომხმარებელი ვირტუალურ ვალუტასთან ე.წ. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკებისაგან დაიცვას, ასევე უზრუნველყოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია და ფულის გათეთრების მექანიზმების პრევენცია.

ამის შესახებ ევროკავშირის ბანკების საზედამხედველო სააგენტომ და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის საზედამხედველო ორგანომ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადეს.

როგორც ცნობილია, თავისი ტექნოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, კრიპტოვალუტა ფაქტობრივად არ ექვემდებარება კანონიკურ რეგულაციებს, რაც თაღლითობისა და ფულის გათეთრების დიდ რისკებს ქმნის. ამიტომ მთელი მსოფლიოს ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი ორგანოები ინვესტორებსა და მომხმარებელს ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებენ ვირტუალურ ვალუტასა და მასთან დაკავშირებულ აქტივებში ინვესტირების რისკებზე.

მაგალითად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი 2017 წელს ელვისებური სისწრაფით გაიზრადა და წლის ბოლოს ერთი ბიტკოინის ფასმა 20 ათასი დოლარი შეადგინა. თუმცა, გასულ წელს ბიტკოინმა პიკური ღირებულების სამი-მეოთხედი დაკარგა. ე.წ. კრიპტოაქტივების ბაზრის მოცულობა კი, რომელიც ერთი წლის წინ 830 მილიარდ დოლარზე ავიდა, გასული წლის ოქტომბრისთვის 210 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მარეგულირებელი ორგანოები გლობალურ დონეზე ცდილობენ ამ საკითხის რეგულირებას, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების საფუძველზე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რაკი გლობალურ დონეზე შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, როგორც ჩანს, ევროკავშირი ამ საკითხის საკუთარ ფარგლებში დარეგულირებას შეეცდება.

ევროკავშირის საბანკო სექტორის ზედამხედველ სააგენტოს მიაჩნია, რომ ვირტუალური ვალუტა ამოვარდნილია ევროკავშირის ფინანსური ბაზრის წესებიდან, რაც ართულებს ბაზრის სრული სურათის ანალიზს და დაუცველს ტოვებს ინვესტორებს. ევროკავშირის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის ზედამხედველი ორგანოს განმარტებით კი, მართალია კრიტპოვალუტასთან დაკავშირებული აქტივები და ფასიანი ქაღალდების ნაწილი იურიდიულად ექვემდებარება ევროკავშირში მოქმედ სავაჭრო ნორმებს, მაგრამ ამ ნორმების აღსრულება რთულია.

საქმეს ისიც ართულებს, რომ აქამდე არ არსებობს კრიპტოაქტივის ოფიციალური განმარტება. ევროკავშირის მარეგულირებლები თვლიან, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი ევროკავშირის დონეზე მაინც უნდა გასწორდეს.
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ კონსესუსის მიღწევა ევროკავშირის შიგნითაც არ იქნება ადვილი. საქმე ისაა, რომ მართალია ერთის მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოები აღიარებენ კრიპტოაქტივების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობას, მეორეს მხრივ კი, მხარეები ვერ თანხმდებიან დაუქვემდებარონ თუ არა ეს საკითხი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ მთავარ დირექტივებს.

ამიტომ ევროკავშირის საბანკო სექტორის ზედამხედველი იძლევა რეკომენდაციას, რომ ჩატარდეს ყოვლისმომცველი ანალიზი, თუ რა ახალი ნორმებია შემოსაღები არსებული რისკების პრევენციის მიზნით. ანალიზმა რამდენიმე საკვანძო მიმართულებას შორის ისიც უნდა გამოიკვლიოს, რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის წარმოებისთვის აუცილებელი დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ხარჯვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მდგრად განვითარებაზე.