ევროკავშირი კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნის გეგმის გამო აკრიტიკებს
ევროკავშირი კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნის გეგმის გამო აკრიტიკებს

ევროკავშირი კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნის გეგმის გამო აკრიტიკებს.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, კოსოვომ სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროკავშირთან ინტეგრაცია განსაზღვრა, ამიტომ ევროკავშირი ელოდება, რომ კოსოვო ამ ვალდებულების შესაბამისად იმოქმედებს, რათა ძირი არ გამოუთხაროს ევროპულ პერსპექტივას.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

კოსოვო ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა, იმის მიუხედავად, რომ მის დამოუკიდებლობას ევროკავშირის რამდენიმე წევრი არ აღიარებს.

იერუსალიმში კოსოვოს საელჩოს გახსნის გეგმას ევროკავშირი მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ და კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელიზა ჰარადინაი-სტუბლამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ოფიციალურად დაამყარეს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კოსოვო იერუსალიმში თავის საელჩოს მარტის ბოლოს გახსნის.

დატოვე კომენტარი