ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის საბჭო სერიოზულადაა შეშფოთებული ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ირანის საქმიანობით და მოუწოდებს თავი შეიკავოს მისგან, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისგან, რაც არ შეესაბამება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 2231“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის რაოდენობისა და სიხშირის ზრდა რეგიონში არასტაბილურობასა და უნდობლობას აძლიერებს.
ამას გარდა, ევროკავშირის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ირანის მტრული ქმედებების გამო, რის გამოც ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესდა.
„ევროკავშირი მომავალშიც აჩვენებს ერთიანობას, სოლიდარობას ამ სფეროში და ირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამგვარი მიუღებელი საქციელი“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.