ევროკავშირი გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელიც აიძულებს ქვეყნებს, მოქალაქეებსა და მთავრობას ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ. ის ყველაზე ახდენს გავლენას,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირი გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ავრცელებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით აკეთებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის.

„ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული.

ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა.

„საზოგადოების ყველა ჯგუფში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ბავშვს, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა. ამავდროულად, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ამ რთულ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და განათლება, ეკონომიკური მხარდაჭერა და ნებისმიერი შესაძლო დისკრიმინაციისგან დაცვა.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანების და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად. მისასალმებელია, რომ დახმარების სამსახურები, როგორიცაა სატელეფონო ხაზი „112“ და თავშესაფრები, ხელმისაწვდომია გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და კრიზისულ სიტუაციაზეა მორგებული. ასევე მისასალმებელია შემდგომი ზომები, როგორიცაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება მათი ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ისევე როგორც ნდობის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ამ კრიზისის შედეგად დააწვა ბევრ ქალს, ვინც წინა ხაზზე მუშაობს ვირუსით მეტად მოცულ სფეროებში – ჯანდაცვასა და სოციალური სერვისებში. ამავდროულად, არის მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ ოჯახებზეც იზრუნებენ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები, სკოლები და სერვისები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აღარ არის ხელმისაწვდომი.

საქართველოს მიერ ამ კრიზისის დაძლევის საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებას. კორონავირუსის დაძლევისთვის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მიერ ზომების მიღების და სტრატეგიების შემუშავების პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო გენდერულ ანალიზს საქართველოს მიერ პანდემიის ამ ერთ-ერთ მთავარ, ნეგატიურ გვერდით ეფექტთან წარმატებით გამკლავებისთვის“,- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.