ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის
ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ეტაპობრივად გააუქმებს თავის დამოკიდებულებას რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ვერსალის დეკლარაციაშია აღნიშნული.

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროპული საბჭო ელოდება ევროკომისიისგან 2022 წლის მაისის ბოლო ყოვლისმომცველი და ამბიციური გეგმის წარდგენას, რომელიც შემუშავებული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით. კომუნიკეს თანახმად, გათვალისწინებული იქნება ნაციონალური გარემოებები და წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბალანსი.

ევროპული საბჭოს განცხადებით, ენერგორესურსებზე მდგრადი მაღალი ფასები სულ უფრო ნეგატიურად აისახება მოქალაქეებზე და ბიზნესზე და ამას კიდევ უფრო ართულებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია.

ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოს დაავალეს, შეისწავლოს ევროკომისიის შეთავაზებები გაზის საცავების პოლიტიკასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაზის საცავების შევსება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი ზამთრისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა და ევროკომისიამ სასწრაფოდ უნდა: შექმნან სოლიდარობისა და კომპენსაციის მექანიზმები; იმუშაონ ერთად გაზის, გათხევადებული აირის და წყალბადის ნებაყოფლობით ერთობლივ შესყიდვაზე, მოლაპარაკებების დროს ფასის შესამცირებლად ევროკავშირის კოლექტიური პოლიტიკური და საბაზრო წონის ოპტიმალური გამოყენებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ენერგომატარებლების შესყიდვის საერთო პლატფორმა ღია იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს ასევე დაევალათ, დაასრულონ და გაამჯობესონ ევროკავშირში გაზისა და ელექტროსისტემების კავშირი, მათ შორის ელექტროსისტემების სრული სინქრონიზაცია, ასევე ყველა წევრი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას, რათა უზრუნველყოს ენერგომატარებლების ადეკვატური მიწოდება და შეამსუბუქოს ენერგორესურსების ფასის ზრდა.