ევროკავშირი და ევროსაბჭო საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ პროექტს წარადგენენ
ევროკავშირი და ევროსაბჭო საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ პროექტს წარადგენენ

ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ ერთობლივ პროექტს წარადგენენ. პროექტის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის რეფორმებში ჩართული მხარეების მხარდაჭერა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი პიტერ დენისი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ საკანონმდებლო ჩარჩოს და სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის არსებულ მექანიზმებს. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, მიმოიხილოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მართვის სხვადასხვა მოდელი და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ევროპული გამოცდილება.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა – სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.