ევროკავშირი და EBRD ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდიან
ევროკავშირი და EBRD ქართული კომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდიან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აფართოებენ საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, EBRD–ის 10 მილიონი ევროს სესხი ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად არის გათვალისწინებული.

მსესხებლები მიიღებენ გრანტს და კონსულტაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

„საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით.

EBRD გამოუყოფს 10 მილიონ ევროს სესხს პროკრედიტ ბანკი საქართველოს ადგილობრივი კომპანიებისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

„დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს, გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში – წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.