ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ​
ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ​

ევროკავშირი და აშშ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პაქტის მიღებაზე შეთანხმდნენ​. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელიც ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის ბოლოს გაიმართა.

მათი თქმით, ევროკავშირი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ, რათა 2022 წლის ბოლომდე მსოფლიო მოსახლეობის 2/3 „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ და ევროკავშირი შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვაქცინების წარმოებისა და დისტრიბუციის საკითხებზე იმუშავებს.

ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და საერთო ღირებულებების წინ წასაწევად.

პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კითხვა დაუსვეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრზე, რომელიც ხვალ ჟენევაში უნდა გაიმართოს. შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადეს, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთის მიმართ მიდგომაში ერთიან პოზიციაზეა. მათივე თქმით, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება.