ევროკავშირი და აშშ ისრაელსა და პალესტინას აღმოსავლეთ იერუსალიმში კონფლიქტის განმუხტვისკენ მოუწოდებენ
ევროკავშირი და აშშ ისრაელსა და პალესტინას აღმოსავლეთ იერუსალიმში კონფლიქტის განმუხტვისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირი და აშშ ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებენ, აღმოსავლეთ იერუსალიმში კონფლიქტი განმუხტონ. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მომხდარში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ყველა ღონე იხმაროს, რათა არასტაბილური სიტუაცია დააწყნაროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს პალესტინელი ოჯახების გასახლებისგან, რამაც სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.

„ძალადობას გამართლება არ აქვს, ასეთი სისხლისღვრა განსაკუთრებით შემაშფოთებელია რამადანის უკანასკნელ დღეებში“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები გუშინ მოხდა. შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი პალესტინელი და 17 სამართალდამცავი. პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელებმა მათ ქვები დაუშინეს, საპასუხოდ მათ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში, საიდანაც ისრაელის ხელისუფლებას პალესტინელი ოჯახების გასახლება ჰქონდა დაგეგმილი. პოლიციამ მათ დასაშლელად ძალა გამოიყენა.