ევროკავშირი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ირანის ულტიმატუმებს უარყოფს 
ევროკავშირი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ირანის ულტიმატუმებს უარყოფს 

ევროკავშირი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ირანის ულტიმატუმებს უარყოფს. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენელი, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ავრცელებს.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ირანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ირანს სრულად განაგრძოს მისი ვალდებულებების შესრულება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, როგორც ამას მანამდე აკეთებდა და თავი შეიკავოს ნებისმიერი მწვავე ნაბიჯისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ბირთვული შეთანხმება მნიშვნელოვან მიღწევად არის შეფასებული.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უარყოფს ნებისმიერი სახის ულტიმატუმს. ასევე განმარტებულია, რომ ირანის შეფასება მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ შეესაბამება მისი ქმედება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ევროკავშირი ასევე მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების ხელახალი დაწესების გამო, რაც შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლას მოჰყვა.

ირანმა ბირთვული შეთანხმების მონაწილეებს 60-დღიანი ვადა მისცა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში, დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები ირანის სანავთობო და ფინანსურ სექტორებს ამერიკული სანქციებისგან არ დაიცავენ, თეირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას განაახლებს. გადაწყვეტილება ირანმა ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიიღო.