ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობების გადახედვას გეგმავს
ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობების გადახედვას გეგმავს

ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ძალადობაზე, დემონსტრანტების დაკავებასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.

ევროკავშირის განცხადებით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი და ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

განცხადების თანახმად, 2015 წელს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ პროგრესის გარეშე ეს ურთიერთობები მხოლოდ გაუარესდება.

„მოვუწოდებთ ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დაიწყოს ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი დიალოგი ფართო საზოგადოებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა. ევროკავშირი გააგრძელებს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული, განვითარებული და სტაბილური ბელარუსის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებაში.