ევროკავშირი ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში. უწყებამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში მკვლელობისთვის გასამართლებული ალექსანდრ ჟილნიკოვი სიკვდილით დასაჯეს.

აღნიშნული საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის, ვიაჩესლავ სუხარკოს ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ მისი სასიკვდილო განაჩენი ასევე აღასრულეს.

ევროკავშირი უთანაგრძნობს დანაშაულის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს, თუმცა ამავე დროს, ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას ნებისმიერ გარემოებაში. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, სიკვდილით დასჯის გამოყენება ეწინააღმდეგება მინსკის საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელარუსი ევროპაში ერთადერთ ქვეყანად რჩება, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს.

ჟილნიკოვი და სუხარკო მინსკში 2015 წლის დეკემბერში ჩადენილ ორ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მოგვიანებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ მათ კავშირი აქვთ წარსულში მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობასთან. თავდაპირველად ჟილნიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი სასიკვდილო განაჩენით შეცვალა.