ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გასაკონტროლებლად ლიეტუვას ვერტმფრენებს გადასცემს
ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გასაკონტროლებლად ლიეტუვას ვერტმფრენებს გადასცემს

ევროკავშირი ლიეტუვას ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ფრონტექსი“ ლიეტუვას ბელარუსიდან მომავალი არალეგალი მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის პირობებში, საზღვრის კონტროლში დაეხმარება.

„ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა და განვათავსოთ საზღვარზე მეტი ევროპელი ოფიცერი და აღჭურვილობა. ლიეტუვის საზღვარი, ჩვენი საერთო გარე საზღვარია და „ფრონტექსი“ მზადაა დახმარებისთვის იქ, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2021 წლის დასაწყისიდან, ბელარუსის საზღვარზე დააკავეს 1 634 მიგრანტი. მათ შორის ერაყის, კონგოს, კამერუნის, გვინეის და ირანის მოქალაქეები.

2 ივლისს ლიეტუვამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღეს, რაც ბელარუსიდან ლიეტუვაში მიმავალი მიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ბელარუსის მხრიდან ევროკავშირის მიმართ განხორციელებული „ჰიბრიდული აგრესია“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ეკონომიკის ცალკეული სფეროების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხოდ კი, ბელარუსის მთავრობა ევროპაში მიმავალი მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით დაიმუქრა.

დატოვე კომენტარი