ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლებას აპირებს 
ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლებას აპირებს 

ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების განახლების გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკომისიას მოლაპარაკებების წარმართვის უფლება ენიჭება.

თუმცა უკვე ორად გაიყო აზრი იმის თაობაზე, რამდენად უპრიანი იქნება, ტარიფების მოხსნა ფერმერულ პროდუქციასაც შეეხოს.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებების მცდელობა პირველი არ არის და ჯერ კიდევ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს დაიწყო. მხარეებმა პროგრამაც შეადგინეს, რომელსაც ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტირების პარტნიორობა უწოდეს. თუმცა განხილვები თავიდანვე კრიტიკის ფონზე წარიმართა, რომლის დიდი წილიც თავად ევროკავშირის მხარეს ეკუთვნოდა. ტრანსატლანტიკური სავაჭრო ხელშეკრულების საწინააღმდეგო კამპანიის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ საერთაშორისო ბიზნესს ადგილობრივ არჩეულ ხელისუფლებაზე დიდი გავლენის საშუალება მიეცემოდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ახალი სავაჭრო მოლაპარაკებების ინიციატორად ბრიუსელი გამოდის და მისი ფორმატი ტრანსატლანტიკური სავაჭრო პროგრამისგან განსხვავებით, მცირე შეღავათებს ითვალისწინებს.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ახალი პირობები ორ მთავარ პუნქტს გულისხმობს: პირველი – ორივე მხარემ უნდა გააუქმოს ტარიფები ინდუსტრიული პროდუქციის იმპორტზე და მეორე – შემცირდეს ვაჭრობის მარეგულირებელი ბარიერები.

ევროკომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ტარიფების გაუქმება ევროკავშირის იმპორტს აშშ-ს ბაზარზე შვიდი პროცენტით გაზრდის, ხოლო ამერიკული საქონლის იმპორტს ევროკავშირის ბაზარზე – უფრო მეტითაც.

ამასთან, ბრიუსელს აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება ერთხმად არ მიუღია. საფრანგეთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ბელგიამ კი, თავი შეიკავა. პარიზი თავის უარს იმით ხსნის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა ე.წ. პარიზის ხელშეკრულებიდან, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ისახავს მიზნად.

ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლების ყველაზე დიდი მომხრე გერმანიაა. დონალდ ტრამპი იმპორტირებულ ავტომობილებზე ახალი ტარიფების დაწესებას აპირებს, აშშ კი, გერმანული ავტოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.