ევროჯგუფის ხელმძღვანელი - საბერძნეთში რეფორმების შედეგად, ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა კი მცირდება
ევროჯგუფის ხელმძღვანელი - საბერძნეთში რეფორმების შედეგად, ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა კი მცირდება

საბერძნეთმა საერთაშორისო ფინანსური დახმარების სამწლიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმის (ESM) განცხადებაში.

„საბერძნეთმა წარმატებით დაასრულა ESM-ის მაკროფინანსური დახმარების სამწლიანი პროგრამა. ეს არის დასასრული ისტორიაში დახმარების უმსხვილესი სუვერენული პაკეტისა, რომელიც სამ სხვადასხვა პროგრამას მოიცავს. მომგებიანი პირობებით უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერის დახმარებით, საბერძნეთმა ეკონომიკის მოდერნიზება და ინვესტორთა ნდობის აღდგენა შეძლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმმა სამი წლის განმავლობაში საბერძნეთს 61,9 მილიარდი ევრო გამოუყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებასთან ერთად, საბერძნეთისთვის 2010 წლიდან გამოყოფილმა კრედიტებმა 260 მილიარდ ევროს გადააჭარბა. სანაცვლოდ, ათენს მკაცრი ეკონომიის ზომების გატარება მოუწია.

როგორც ევროჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიო ჩენტენომ განაცხადა, გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკის კურსის დახმარებით, პირველად 2010 წლის შემდეგ, საბერძნეთმა სტაბილურობა მოიპოვა. ჩენტენოს თქმით, განხორციელებულმა რეფორმებმა ეკონომიკის ჯანსაღ და მუდმივ ზრდას ჩაუყარა საფუძველი.

ევროჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, მართალია, პროცესი მოსალოდნელზე დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა ახლა საბერძნეთის ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა კი მცირდება.