„ევროჯასტსა“ და ქართულ მხარეს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება
„ევროჯასტსა“ და ქართულ მხარეს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება

ევროჯასტსა“ და ქართულ მხარეს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. შეთანხმების გაფორმება ჰააგაში, „ევროჯასტის“ ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი, რომელსაც „ევროჯასტის“ პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანო „ევროჯასტთან“ მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით მოხდება ინფორმაციის გაცვლა.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთევან სარაჯიშვილის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანია მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირთან სტანდარტისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.

სარაჯიშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას და ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას. ასევე დამატებით ბერკეტებს შექმნის საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

„დღეს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და „ევროჯასტს“ შორის ორმხრივ შეთანხმებას, რომელზეც მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. ეს მნიშვნელოვანი თარიღია ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. დღევანდელი შეთანხმება იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობის კუთხით. ეს ასევე გააძლიერებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ დამატებით მექანიზმებს შექმნის დანაშაულთან, საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

ევროჯასტი“ ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოა, რომლის ფუნქციაა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის წევრი სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება. ბუნებრივია, ამ შეთანხმების გაფორმება ასევე მოიცავს და გულისხმობს ქართველი სამართალდამცველების კვალიფიკაციის გაზრდას, მათთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გვქონდეს წვდომა იმ ღონისძიებებზე, მონაცემებზე, რომლებსაც „ევროჯასტი“ ამუშავებს და რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას ავითარებს დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ამ გადმოსახედიდან, ეს დამატებითი სამართლებრივი მექანიზმი იქნება ჩვენი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებისათვის, რომ უფრო ეფექტიანად წარვმართოთ დანაშაულთან ბრძოლა, დავუახლოვდეთ ევროკავშირის სააგენტოებს და იყოს დამატებითი ნაბიჯი ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის მიმართულებით“,- განაცხადა ქეთევან სარაჯიშვილმა.

საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმების გაფორმებას ევროპარლამენტმა კენჭი უყარა 2019 წლის თებერვალში და შეთანხმების გაფორმებაზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტი დაამტკიცა.