„ევროჯასტის“ პრეზიდენტი - საქართველოს პროკურატურის მიღწევები სამართლებრივი თანამშრომლობის მხრივ ფენომენალურია, მადლიერები ვართ რეალური შედეგების გამო, რასაც საქართველოს პროკურატურასთან პარტნიორობით მივაღწიეთ
„ევროჯასტის“ პრეზიდენტი - საქართველოს პროკურატურის მიღწევები სამართლებრივი თანამშრომლობის მხრივ ფენომენალურია, მადლიერები ვართ რეალური შედეგების გამო, რასაც საქართველოს პროკურატურასთან პარტნიორობით მივაღწიეთ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე „ევროჯასტის“ პრეზიდენტს ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურასა და „ევროჯასტს“ შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში „ევროჯასტთან“ თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, საქართველოს პროკურატურა წარმატებულად თანამშრომლობს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროპულ სტრუქტურებთან.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროკურატურასა და „ევროჯასტს“ შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ვიმსჯელეთ უკვე მიმდინარე საერთო საქმეებზე და დავსახეთ ამ საქმეების წარმატებით განვითარების პერსპექტივები. ასევე, ვისმჯელეთ მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ჩვენ ვართ „ევროჯასტის“ პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, უკვე არაერთი წარმატებული ერთბლივი საქმე გვაქვს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძლის წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

„საქართველოს და საქართველოს პროკურატურის მიღწევები სამართლებრივი თანამშრომლობის მხრივ ფენომენალურია. გასულ წლებში, საქართველომ შეძლო „ევროჯასტთან“ თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, „ევროჯასტში“ გამოგზავნა მეკავშირე პროკურორი და წვლილი შეიტანა ევროკავშირსა და საქართველოში ჩატარებულ ერთობლივ მასშტაბურ ოპერაციებში. ძალიან მადლიერები ვართ იმ რეალური შედეგების გამო, რასაც საქართველოს პროკურატურასთან პარტნიორობით მივაღწიეთ“, – აღნიშნა „ევროჯასტის“ პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, „ევროჯასტში“ საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროჯასტის“ პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს