ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა
ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა

ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა თბილისში შედგა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ალექსანდარ მაშკოვიჩი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ძირითად საკითხს წარმოადგენდა საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე.

„ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.