ევროინტეგრაციის კომიტეტში სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ
ევროინტეგრაციის კომიტეტში სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომლის თანახმად სექსუალური შევიწროება დასჯი გახდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.

„სექსუალური შევიწროება განისაზღვრება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ნიშნად. რა თქმა უნდა დისკრიმინაციის ნიშანი არის თავისთავად სექსუალური შევიწროება. უბრალოდ ჩვენს კანონმდებლობაში, შრომის კოდექსში ეს არ იყო განსაზღვრული. ეს განსაზღვრება გვაქვს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსში შეიქმნას შესაბამისი ნორმა, რათა სახალხო დამცველს, რომელიც არის პასუხისმგებელი თანასწორობის უზრუნველყოფაზე და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, ჰქონდეს იმავე რეაგირების შესაძლებლობა, რაც აქვს საჯარო სექტორში. სწორედ ამას უზრუნველყოფს კანონი, რომ კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ახალი კანონის საფუძველზე დაიცვან თავისი უფლებები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.