პოლონელი ევროდეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა „ევრონიუსის“ ორგანიზებულ სამიტზე ირაკლი კობახიძის მიწვევას მიუღებლად მიიჩნევს

13:48, 22.10.2026

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევას აკრიტიკებს.

როგორც ევროდეპუტატი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მიუღებლად მიიჩნევს კობახიძის მიწვევას ღონისძიებაზე, რომლის მონაწილეთა შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და სხვა ევროპელი ლიდერები.

ბრეიზა აღნიშნავს, რომ „ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს“. მისი შეფასებით, „ევროპული პლატფორმა არ უნდა გამოიყენებოდეს რუსული ტიპის რეპრესიების, დემოკრატიული უკუსვლისა და კრემლის მზარდი გავლენის ლეგიტიმაციისთვის“.

ამასთან, ბრეიზა წერს, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„მიუღებელია, რომ „ევრონიუსმა“ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიიწვია, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასა და ევროპის სხვა გამორჩეულ ლიდერებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ – წერს ბრეიზა.

„ევრონიუსის“ ევროკავშირის გაფართოების სამიტი ბრიუსელში 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ორგანიზატორის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მომხსენებლებს შორის არის მითითებული. ჩამონათვალში ასევე არიან ანტონიუ კოშტა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სხვა ლიდერები. ორგანიზატორის ინფორმაციით, განხილვის თემები იქნება კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები და გაფართოების გავლენა ევროპის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე.

მსგავსი