ევრობასკეტის პრელუდია - საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე თურქეთის წინააღმდეგ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ათენის აკროპოლისის თასზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე თურქეთი იყო, რომელთანაც ქართველები 88:101 დამარცხდნენ. ვიდრე შეხვედრაზე მოგახსენებდეთ, გეტყვით, რომ ევრობასკეტზე, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ თურქეთი იქნება.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შეხვედრის წინაც თქვა, რომ ასეთი დონის ტურნირი კარგი შანსია თამაშის გამოსასწორებლად. თურქეთი 100 ქულას ასცდა, რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ მთავარი სამუშაო დაცვაზეა.

ისევე როგორც ჩვენი ყველა მეტოქე, თურქებიც სისწრაფეზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. ქართველები დაცვაში დალაგებას ვერ ასწრებდნენ და მოწინააღმდეგეებიც ხშირად რჩებოდნენ სატყორცნ პოზიციაზე. პირველ მეოთხედში თურქებს 1 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული და საქართველოს ნაკრები 10 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა მეორე პერიოდის 8 წუთში ჩვენმა მეტოქემ 6 სამიანი გამოიყენა, გაგვასწრო და მას მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. თურქეთის ნაკრებმა 26 ტყორცნიდან 12 სამქულიანი გამოიყენა, რაც პროცენტულადაც მაღალი შედეგია და 12-იც ძალიან ბევრია.

მეტოქეთა სწრაფი შეტევების შესაჩერებლად და პერიმეტრის გადასაკეტად საქართველოს ნაკრებს ცოტა დრო და ბევრი სამუშაო აქვს – 24 აგვისტოს უკვე ოფიციალური მატჩია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლადნებს ვუმასპინძლებთ. თუმცა მანამდე, 18 აგვისტოს აკროპოლისის თასზე სანერძნეთს დავუპირიპირდებით, ხოლო 19 აგვისტოს – პოლონეთს.


თურქეთი-საქართველო 101:88

18:24, 30:22, 27:20, 26:22

თურქეთი: ლარკინი (2ქ), ჰაზერი (5ქ), ბიტიმი (12ქ, ოსმანი (22ქ), საიბირი (2ქ), მაჰმუტოღლუ (6ქ), კაბაკა (4ქ), თუნჩერი (9ქ), სანლი (2ქ), კორკმაზი (18ქ), შენგუნი (17ქ).

საქართველო: მაკფადენი (12ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (3პ), შენგელია (20ქ, 5მ, 6პ), მამუკელაშვილი (16ქ, 14 მ), შერმადინი (18ქ, 4მ), ანდრონიკაშვილი (6ქ), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (8ქ, 6მ), ცინცაძე (2ქ), სანაძე (6ქ), ბექაური.