ევრობასკეტი 2025 | იანის ანტეტოკუმპო ლიმასოლში გასამართ ამხანაგურ ტურნირს გამოტოვებს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | იანის ანტეტოკუმპო ლიმასოლში გასამართ ამხანაგურ ტურნირს გამოტოვებს #1TVSPORT

საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ „მილუოკი ბაქსის“ ვარსკვლავი იანის ანტეტოკუმპო ლიმასოლში, 10-11 აგვისტოს გასამართ ECOMMBX Cup-ზე არ ითამაშებს.

ტურნირი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასში მონაწილეობას საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი და კვიპროსი მიიღებენ. შედეგად, გულშემატკივარი ვერ იხილავს NBA-ს სხვადასხვა დროის ორი „უძვირფასესი მოთამაშის“ (MVP), იანის ანტეტოკუმპოსა და ნიკოლა იოკიჩის შეხვედრას. სანაკრებო დონეზე ისინი ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს დაუპირისპირდნენ.

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილის სპანულისი განმარტავს, რომ ანტეტოკუმპო ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას მიჰყვება და მისი არყოფნა ECOMMBX Cup-ზე ევრობასკეტზე თამაშს საფრთხეს არ შეუქმნის. ბერძენი ვარსკვლავის დაბრუნება აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე.

ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე იქნება. C ჯგუფში, ამ გუნდების გარდა, ესპანეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცოგოვინა და კვიპროსი ითამაშებენ. მატჩებს ლიმასოლი უმასპინძლებს.

2025 წლის ევრობასკეტის შეხვედრებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.