ევრობასკეტი 2025 | ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი საბერძნეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მეოთხე სათამაშო დღეს საქართველო-კვიპროსის მატჩემდე მოედანზე გამოვიდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საბერძნეთის ნაკრებები, გუნდები, რომლებსაც, ქართველებთან ერთად, ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავთ ლიმასოლში. გაიმერჯვეს ბოსნიელებმა – 80:77.

რამდენადაც მოედანზე მიდიოდა დაძაბული ბრძოლა, იმდენად ტრიბუნებზე ეჯიბრებოდნენ ქომაგობაში. შესაბამისად, მატჩიცა და ტრიბუნებიც საინტერესო სანახავი გამოდგა.

საბერძნეთის ნაკრებს არ ჰყავდა ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო, რამაც ბოსნიელებს შანსი მისცა. კარგადაც გამოიყენეს – ბერძნებს პირველი ტაიმის ბოლოს გაასწრეს და მეორე ტაიმში უპირატესობა ბრძოლით შეინარჩუნეს.

ბოსნიელმა ცენტრმა, იუსიფ ნურკიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 10 მოხსნა. 18 ქულა ჰქონდა გამთამაშებელ ჯონ რობერტსონს. საბერძნეთში 15 ქულითა და 8 პასით კოსტას სლუკასი გამოირჩა.

ამ მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გამსვლელთა შანსებზე მსჯელობა უკვე შეიძლება, თუმცა მეტი კონკრეტიკისთვის საჭიროა, დაველოდოთ დღის ბოლო მატჩს იტალიასა და ესპანეთს შორის. სწორედ მისი შედეგი გაარკვევს ბევრ რამეს.

19:15 საათზე საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება, 22:30 საათზე – იტალია ესპანეთს. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.