ევრობასკეტი 2025 | ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციოს ბოლო ფანჯრის ფარგლებში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 2 მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.
პირველი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. მარცხი კი, ფაქტობრივად, შანსის დაკარგვაა, რადგან დანიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს თავზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით. ბოლო მატჩი სერბეთში რომც მოვიგოთ, თუ დანია შინ ფინეთს მოუგებს, ევრობასკეტზე სერბეთსა და ფინეთთან ერთად გავა. ამ უკანასკნელს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო გარანტირებული აქვს.
შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მთავარი სამიზნე დანიასთან 21 თებერვლის მატჩია. ფიბა-ს კალენდრით, საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა 17 თებერვლიდან დაიწყება და ჩვენი ლეგიონერების უმეტესობაც ნაკრებს ამ დღეს შემოუერთდება.
დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება, ხოლო 22-ში, 17:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბელგრადში ჩარტერული რეისით გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს სერბეთის ნაკრებთან ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს.