ევრობასკეტი 2022-ზე თბილისში რუსეთის ნაკრები არ ითამაშებს, დიდი ალბათობით მას მონტენეგრო ჩაანაცვლებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022-ზე თბილისში რუსეთის ნაკრები არ ითამაშებს, დიდი ალბათობით მას მონტენეგრო ჩაანაცვლებს [ვიდეო] #1TVSPORT

მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ 2 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა რუსული და ბელარუსული კლუბების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩახსნის შესახებ. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომია. მარტში გამოქვეყნებულ რელიზში მხოლოდ კლუბები იყო ნახსენები, ახლა კი ფიბა-მ ბელარუსისა და რუსეთის ნაკრებებსაც აუკრძალა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთი ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება, რუსეთის ნაკრები ვეღარ ითამაშებს. ჩვენს ჯგუფში დარჩა ხუთი გუნდი – საქართველო, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი.

მონტენეგროული საიტი „პობიედა“ წერს, რომ რუსეთის ადგილს მონტენეგრო დაიკავებს, რადგან ევრობასკეტის შესარჩევზე სწორედ ამ გუნდს ჰქონდა ყველაზე კარგი შედეგი მათ შორის, ვინც საგზური ვერ მოიპოვა. მონტენეგრომ 6-დან 3 მატჩი მოიგო და ჯგუფში მესამეზე გავიდა, თუმცა რადგან მეოთხეადგილოსანი გერმანია ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, სლავების ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე „ბუნდესნაკრები“ გავიდა.

არის მეორე ვარიანტიც – ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ჯგუფში თამაშობდნენ იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია და ესტონეთი. მაკედონიელებმა რუსეთთან ორი მატჩი წააგეს და ჯამში ორი მოგება მოუგროვდათ, რაც ევრობასკეტზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, რუსეთის ნაცვლად თბილისში ჩამოსვლის მოთხოვნის გარკვეული საფუძველი ჩრდილოეთ მაკედონიასაც აქვს.

ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა მაისის ბოლოს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას იქ მიიღებს.