ევრობასკეტი 2022 | ბულგარეთმა საქართველოს ნაკრებთან 19 სამქულიანი ჩააგდო - ყველაფერი ბოლო ტურში მონტენეგროსთან მატჩში გადაწყდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გამართა. ვინაიდან ჩვენს გუნდს სამ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა, დარჩენილ ორ შეხვედრაში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ილიას ზუროსის მეტოქე ბულგარეთი იყო, რომელიც მანამდე სამივე მატჩში დამარცხდა. თუმცა ამჯერად ბულგარელებმა ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ითამაშეს და 92:80 გაიმარჯვეს.
ამის მიუხედავად საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. ამისთვის საჭიროა, ბოლო ტურში, დღეს ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხოს, ხოლო საქართველომ – მონტენეგროს.
პირველ წუთებზე მოპოვებული უპირატესობა საქართველომ ვერ შეინარჩუნა – პირველი ტაიმი ბულგარეთმა მოიგო – 39:38. საწყის 20 წუთში ბულგარელებს 15-დან 8 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული, აქედან ნახევარი მათმა ნატურალიზებულმა დი ბოსტმა ჩააგდო (5/4 სამიანი). ეს ის ბოსტია, რომელზეც წინა მატჩის პრესკონფერენციაზე ბულგარელთა მწვრთნელს ჰკითხეს – რა დაემართაო… მას მთელი ევრობასკეტის განმავლობაში, საქართველოსთან მატჩამდე გამართულ სამ მატჩში მხოლოდ 4 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში ტანმაღალი შემადგენლობა დააყენა – შერმადინი, ბითაძე და მამუკელაშვილი. ბულგარელები ფარქვეშ რამდენჯერაც შევიდნენ, იმდენჯერ დაფარება მიიღეს. ამიტომ, თამაშის მოგების ერთადერთი იმედი სამქულიანებში დაინახეს. ჩვენი ნახევრის ყველა წერტილიდან სტყორცნიდნენ და ხშირად აგდებდნენ კიდეც.
მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, ბულგარელებმა პერიმეტრიდან მაღალი პროცენტულობით სროლა განაგრძეს და სხვაობა 13 ქულამდე გაზარდეს. თავის მხრივ, საქართველოს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თამაშის ბედიც გადაწყდა. ცხადი იყო, რომ ასეთ ბულგარეთთან, სუსტი შეტევითა და კიდევ უფრო სუსტი დაცვით ჩვენი გუნდი თამაშს ვეღარ მოიგებდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 21 ქულა გოგა ბითაძეს ჰქონდა, სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სანდრო მამუკელაშვილი: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. თად მაკფადენს 19 ქულა ჰქონდა. ბულგარეთში კი საუკეთესო მანამდე უჩინარი დი ბოსტი იყო – 33 ქულა.